იტალიურმა YouTube არხმა “Nova Lectio” გადაიღო მასალა ბათუმში, აჭარაში, რათა წარმოეჩინა რეგიონის ტურისტული პოტენციალი.
ამჟამად მზადდება საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმი აჭარის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდება 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში.
ტურის მენეჯერი ანა აბაშიძე და მედია თანამშრომელი მარიამ პაკაცოშვილი ეხმარებიან იტალიურ მედიას ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების აღმოჩენაში.
„რამდენიმე დღეა აჭარაში ვიმყოფებით და ძალიან აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით. გადავიღეთ მთიანი აჭარა და ბათუმის ტურისტული და ისტორიული ზონები. ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი ტური გამოვიდა და ამისთვის მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს“ — სიმონე გუიდა, Nova Lectio-ს წამყვანი ჟურნალისტი.
გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა აჭარის მაღალმთიანი რეგიონები — ხულო, შუახევი და ქედა, სადაც გაეცნენ ადგილობრივების ცხოვრების წესს, ტოლერანტობასა და ტრადიციებს. გადაღებული მასალები მთიანი აჭარიდან ასევე შევა საბოლოო ვიდეოში.
ფილმში ასევე განხილული იქნება აჭარის პოლიტიკური სტრუქტურა და მისი ისტორიული კონტექსტი, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, პორტის ისტორიული მნიშვნელობა და საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბი.
„ჩვენ ჩავწერეთ ადგილობრივი ბიზნესმენები, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები… ასევე ვაჩვენეთ ჩვენს იტალიელ სტუმრებს, როგორ თანაცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები მთიან აჭარაში. მათ დავაგემოვნებინეთ ნამდვილი ქართული, ავთენტური კერძები, გავაცანით ქვეყნის ისტორია და დღევანდელი ცხოვრება. ვფიქრობ, საინტერესო და ისტორიული დოკუმენტური მასალა გამოვა, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ძლიერ მხარეებს მსოფლიო ასპარეზზე“ — მარიამ პაკაცოშვილი, მედია თანამშრომელი.
აჭარის ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეოს მომზადების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა.
„აჭარა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კუთხეა თავისი ტრადიციებით, ბუნებითა და ადამიანებით. მას უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. ხუთი დღის განმავლობაში მე და მარიამმა ვუმასპინძლეთ იტალიურ მედიას, ვაჩვენეთ აჭარის ყველა მხარე — მთიანი სოფლებიდან დაწყებული და სათამაშო ინდუსტრიით დასრულებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივების მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით. ყველას დიდ მადლობას ვუხდი და შედეგს ძალიან მალე ვიხილავთ“ — ანა აბაშიძე, ტურის მენეჯერი.
არხს Nova Lectio იტალიაში დაახლოებით 2 მილიონი მაყურებელი ჰყავს, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც.
სრული ისტორია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
